რუსეთი

რუსეთმა რადიო თავისუფლებას მოსკოვში საბანკო ანგარიშები გაუყინა

რუსეთმა რადიო თავისუფლებას მოსკოვში საბანკო ანგარიშები გაუყინა.

რადიო თავისუფლება რუსეთის უცხოეთის აგენტთა სიაშია. როსკომნადზორმა, მედიის სადამკვირვებლო უწყებამ, რადიო თავისუფლება თითქმის 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა. როსკომნადზორის თანახმად, გამოცემა თავის ვებგვერდებზე არ აღნიშნავს, რომ ის უცხოეთის აგენტია. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჯალინა პორტერის თქმით, ეს არის რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობა, რომ შეავიწროოს დამოუკიდებელი მედია და რუს ხალხს ობიექტური სიახლეების მიღებაზე უარი განუცხადოს:

"ჩვენ გავაგრძელებთ რადიო თავისუფლების და მასთან დაახლოებული კომპანიების ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას და კვლავაც დავუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის".

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა უცხოელ აგენტთა სიაში 2017 წლის დეკემბერში შეიყვანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ ანტიპროპაგანდისტული კანონის ფარგლებში რეგისტრაცია მოსთხოვა რუსულ ტელეარხს RT-ს, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. რუსული მხარის თანახმად, რადიო თავისუფლების "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეყვანა პასუხია აშშ-ს ქმედებაზე.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმის გარდა უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებული კანონის ძალით სააგენტოს ვებგვერდს შეიძლება დახურვა, ხოლო თანამშრომლებს - პატიმრობა დაემუქროს. აპრილში რადიო თავისუფლების რუსულმა ოფისმა თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვება შესთავაზა.

კანონის მიხედვით, ორგანიზაცია, რომელსაც უცხოეთის აგენტად გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

უცხოეთის აგენტის კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანონ.

კომენტარები