რუსეთი

BBC: რადიო თავისუფლების რუსულმა ოფისმა თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვება შესთავაზა

dw.com

რადიო თავისუფლების რუსული გამოცემის და ტელეარხ Настоящее время-ს ხელმღვანელობამ თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვება შესთავაზა. ამის მიზეზი "უცხოეთის აგენტთა" კანონის ფარგლებში მათთვის დაკისრებული ჯარიმებია. ინფორმაციას BBC-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

როსკომნადზორმა, მედიის სადამკვირვებლო უწყებამ, რადიო თავისუფლება თითქმის 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა. როსკომნადზორის თანახმად, გამოცემა თავის ვებგვერდებზე არ აღნიშნავს, რომ ის "უცხოეთის აგენტია". ჯარიმის გარდა "უცხოთის აგენტებთან" დაკავშირებული კანონის ძალით სააგენტოს ვებგვერდს შეიძლება დახურვა, ხოლო თანამშრომლებს - პატიმრობა დაემუქროს.

BBC-ს თანახმად, რომელიც გამოცემის 9 თანამშრომელს ეყრდნობა, მედიის რამდენიმე ათეულ თანამშრომელს პრაღასა და კიევში გადასვლა შესთავაზეს.

"საკითხს ახალ თანამშრომლებთან განვიხილავთ. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ნებისმიერი დახმარებით, თუ ისინი ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტენ". – ციტირებს BBC რადიო თავისუფლების ერთ-ერთ თანამშრომელს.

მოსალოდნელია, რომ პატარა გუნდი მოსკოვში დარჩება, რათა სააგენტოს მუშაობა უზრუნველყოს. სავარაუდოდ, გამოცემის თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას მაისიდან დაიწყებენ. რადიო თავისუფლების თანახმად, გამოცემა გეგმავს, მუშაობა გააგრძელოს და დაუპირისპირდეს "კრემლის შეტევებს".

როსკომნადზორმა თვის დასაწყისში რადიო თავისუფლება გააფრთხილა, რომ მას 5.5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადასახდელად 60 დღე ჰქონდა. გამოცემას მთლიანობაში 71.5 მილიონი რუბლი (დაახლოებით 944.5 ათასი დოლარი) დააკისრეს. 

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა უცხოელ აგენტთა სიაში 2017 წლის დეკემბერში შეიყვანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ ანტიპროპაგანდისტული კანონის ფარგლებში რეგისტრაცია მოსთხოვა რუსულ ტელეარხს RT-ს, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. რუსული მხარის თანახმად, რადიო თავისუფლების "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეყვანა პასუხია აშშ-ს ქმედებაზე.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ თქვა, რომ რუსეთის "უკანონო" ჯარიმები მიმართულია გამოცემის გასაჩუმებლად და კრემლი ცდილობს, რუს ხალხს შეუზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა. 

"უცხოეთის აგენტთა" კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონის ბოლო გაფართოება მიმართულია რუსეთში მომავალი არჩევნების წინ კრიტიკული ხმების ჩასახშობად.

კომენტარები