ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყველაზე ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" მეთაურმა, გენერალმა ესმაილ გაანმა, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ჰამასის" ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ, ირანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
"ჰამასთან" ერთად ირანი მხარს უჭერს ლიბანის ტერორისტულ დაჯგუფება "ჰეზბოლასაც".
აშშ-ის მიერ ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლისა და ტერორისტის ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ თეირანმა "ყუდსის" მეთაურად ესმაილ გაანი მალევე დანიშნა. გაანიმ პირობა დადო, რომ სოლეიმანის გზას გააგრძელებდა.
11 მაისს ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ყველა ქვეყანას მოუწოდა, ისრაელის "სასტიკი ქმედება და დანაშაული" დაეგმო.
15 მაისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ავსტრიაში ვიზიტი გააუქმა მას შემდეგ, რაც ავსტრიის მთავრობის შენობაზე სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა დაკიდეს.
10 მაისიდან მოყოლებული, ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის ცნობით დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.
14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.
13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.
დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.
ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება "ჰამასი" მართავს.





