უკრაინა

უკრაინა არ გამორიცხავს, ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთში დაპატიმრებულ უკრაინელებში გაცვალოს

ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე
Yahoo

უკრაინის ხელისუფლება არ გამორიცხავს შესაძლებლობას, სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთში გასამართლებულ უკრაინელებში გაცვალოს. ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, ისაუბრა.

დანილოვს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის ციხეებში დაპატიმრებულ უკრაინელებში გაცვალონ იმ შემთხვევაში, თუ მედვედჩუკს განაჩენს გამოუტანენ. დანილოვის თანახმად, ეს შესაძლებელია.

"ვფიქრობ, თუ იქნება ასეთი შესაძლებლობა, დიდი სურვილით გავაკეთებთ ამას". – თქვა დანილოვმა.

საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ გაცვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უკრაინის პრეზიდენტი იღებს.

11 მაისს ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. ის ეჭვმიტანილია ბუნებრივი რესურსების მიტაცებაში, უკრაინის სახელმწიფო საიდუმლოების რუსეთის სპეცსამსახურებზე გაცემასა და ანტიუკრაინულ საქმიანობაში. მასთან ერთად ბრალი ედება მედვედჩუკის პარტიის წევრს, ტარას კოზაკსაც. 13 მაისს სასამართლომ მედვედჩუკი შინაპატიმრობაში გაუშვა.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში ყველაზე გავლენიან პრორუს პოლიტიკოსად ითვლება. მედვედჩუკი პარტიის სიცოცხლისთვის თანათავმჯდომარე, ბიზნესმენი, მედია მაგნატი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

2 თებერვალს მედვედჩუკის პარტიის წევრის ტარას კოზაკის წინააღმდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ სანქციების შემოღებას მოაწერა ხელა. სანქციების ფარგლებში დაიბლოკა არხები, რომლებიც კოზაკს ეკუთვნის, 112 უკრაინა, ZIK-ი და NewsOne-ი. პროვაიდერებმა, მათ შორის YouTube-მა არხებს ტრანსლაციის დაბლოკვა დაიწყეს.

მოგვიანებით, უკრაინამ სანქციები დაუწესა 19 იურიდიულ და 8 ფიზიკურ პირს, მათ შორის მედვედჩუკსა და მის ცოლს. სანქციებით მედვედუკსა და მის ცოლს სამი წლით უკრაინაში აქტივები ეყინებათ და უკრაინაში მათ ბიზნესის კეთება ეკრძალებათ. მედვედჩუკის უმეტესი აქტივი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების უფროსმა, ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმის დაფინანსებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურში აღნიშნეს, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მართული აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში.

კომენტარები