უკრაინა

პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

ვიქტორ მედვედჩუკი და ვლადიმირ პუტინი
Reuters

უკრაინის პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური პარტიიდან სიცოცხლისთვის – ვიქტორ მედვედჩუკი და ტარას კოზაკი სახელმწიფო ღალატის საქმეში ეჭვმიტანილები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურორი ირინა ვენედკიტოვა Facebook-ზე ავრცელებს.

გარდა სახელმწიფო ღალატისა, დეპუტატები ეჭვმიტანილები არიან ყირიმში ეროვნული რესურსების მიტაცებაში. პროკურორს დეპუტატების სრული სახელი არ გაუვრცელებია, თუმცა უკრაინული გამოცემა ინტერფაქს-უკრაინა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილები სწორედ მედვედჩუკი და კოზაკი არიან.

დღეს, 11 მაისს ვიქტორ მედვედჩუკის სახლი უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს.

ვიქტორ მედვედჩუკი პოლიტიკოსი, პარტიის სიცოცხლისთვის თანათავმჯდომარე, ბიზნესმენი, მედია მაგნატი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

2 თებერვალს მედვედჩუკის პარტიის წევრის ტარას კოზაკის წინააღმდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ სანქციების შემოღებას მოაწერა ხელა. სანქციების ფარგლებში დაიბლოკა არხები, რომლებიც კოზაკს ეკუთვნის, 112 უკრაინა, ZIK-ი და NewsOne-ი. პროვაიდერებმა, მათ შორის YouTube-მა არხებს ტრანსლაციის დაბლოკვა დაიწყეს.

მოგვიანებით, უკრაინამ სანქციები დაუწესა 19 იურიდიულ და 8 ფიზიკურ პირს, მათ შორის მედვედჩუკსა და მის ცოლს. სანქციებით მედვედუკსა და მის ცოლს სამი წლით უკრაინაში აქტივები ეყინებათ და უკრაინაში მათ ბიზნესის კეთება ეკრძალებათ. მედვედჩუკის უმეტესი აქტივი მისი ცოლის სახელზეა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების უფროსმა, ოლექსეი დანილოვმა თქვა, რომ ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმის დაფინანსებაში. უკრაინის უშიშროების სამსახურში აღნიშნეს, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მართული აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებიდან ქვანახშირის კონტრაბანდაში.

კომენტარები