შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების გამო, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელები მკაცრდება. შსს-ს ცნობით, ცვლილებებს მთავრობამ მხარი დაუჭირა და უახლოეს დღეებში ის პარლამენტს წარედგინება. 

შსს-ს ცნობით, კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პატიმრობის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება, ასევე, 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას. 

შსს-ს ინფორმაციით, თუ დღეს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, პროექტის თანახმად, 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტით ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

"ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ". – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები