ალექსეი ნავალნის საქმე

ტყეში გაუჩინარებული ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს

ომსკის საავადმყოფოს გაუჩინარებული ყოფილი მთავარი ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ცოცხალი იპოვეს

ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი და ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელიც 7 მაისს ნადირობისას უგზოუკვლოდ გაუჩინარდა, ცოცხალია და გამოჩნდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ოლქის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მურახოვსკი სოფელ ბასლის ახლოს ტყიდან თავად გამოვიდა. პრესსამსახურის თანახმად, ის თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოში გამოკვლევას გადის.

გამოცემა Дождь-ის თანახმად, მურახოვსკის ცოლი მას ტელეფონით ესაუბრა. მურახოვსკის ცოლის თანახმად, მას ჯერ  "არ ესმის მისი ძებნის მასშტაბები".

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრად მურახოვსკი 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა. მინისტრად დანიშვნამდე ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ. თებერვალსა და მარტში ომსკის კლინიკაში ორი ექიმი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მურახოვსკის მოადგილე იყო. კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 55 წლის ექიმის სიკვდილის მიზეზზე არ საუბრობდნენ. მთავარი ექიმის კიდევ ერთი მოადგილე კი სამსახურიდან წავიდა. ომსკის საავადმყოფოს მთავარი ტრავმატოლოგი და ორთოპედი კი 63 წლის ასაკში 26 მარტს გარდაიცვალა.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.

2 თებერვალს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები