ალექსეი ნავალნის საქმე

ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობდა, ტყეში დაიკარგა

ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი და რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში დაიკარგა. ამ საავადმყოფოში რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ.  

რუსული მედია წერს, რომ მურახოვსკი 7 მაისს ტყეში სანადიროდ წავიდა და შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კვადროციკლი, რომლითაც ის სანადიროდ წავიდა, ჭაობში იპოვეს, ექიმის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. 

თავდაპირველად მურახოვსკის ახლობლები ეძებდნენ, თუმცა 24 საათის შემდეგ მისი ძებნის პროცესში პოლიცია ჩაერთო. მურახოვსკის ვერტმფრენებით ეძებენ.  

ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ალექსანდრ მურახოვსკი ომსკის კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ. თებერვალსა და მარტში ომსკის კლინიკაში ორი ექიმი გარდაიცვალა, ერთ-ერთი მურახოვსკის მოადგილე იყო. კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 55 წლის ექიმის სიკვდილის მიზეზზე არ საუბრობდნენ. მთავარი ექიმის კიდევ ერთი მოადგილე კი სამსახურიდან წავიდა. ომსკის საავადმყოფოს მთავარი ტრავმატოლოგი და ორთოპედი კი 63 წლის ასაკში 26 მარტს გარდაიცვალა.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.

2 თებერვალს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნავალნის თანამოაზრეებმა ოპოზიციონერის მხარდამჭერებს პროტესტისკენ მოუწოდეს.

კომენტარები