ურბნისის ეპარქია

მამა თეიმურაზი: უდიერი განწყობა გამოვხატე, ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა

ტვ პირველი

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ადასტურებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მამა თეიმურაზი ამბობს, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ "უდიერი განწყობა" გამოხატა, ფიზიკურად კი აფექტურ მდგომარეობაში მყოფი "ერის ადამიანი" დაუპირისპირდა. 

"ეს არის ჩვეულებრივი შიდასაეკლესიო გაუგებრობა, რომელიც მოგვარდა მღვდელმთავართან ერთად. არავითარი გამოხმაურება და სხვა და სხვადასხვა ინტერპრეტაცია ამისთვის საჭირო არ არის. 

მე თვითონ გამოვხატე უდიერი განწყობა მღვდელმთავართან შეხვედრასთან დაკავშირებით, ვთქვი, რომ მასთან შეხვედრას, მერჩივნა, შევხვედროდი ქვეწარმავალს, ასეთი სიტყვები ვთქვი, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა მეთქვა. ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა. თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არა მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. დაჩოქება არის ძალიან ცუდი გამოთქმა, ჩემთვის დაჩოქება არავის არ უთხოვია, როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად". - ამბობს მამა თეიმურაზი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ტაბულას რამდენიმე თვითმხილველი წყარო უყვება, რომ ურბნელი მიტროპოლიტის იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე მონათხრობით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

კომენტარები