ურბნისის ეპარქია

მამა თეიმურაზი მომხდარზე: ვთქვი, მირჩევნია ქვეწარმავალს შევხვდე, ვიდრე მას-მეთქი

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ამბობს, რომ მანამ, სანამ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ "უდიერი განწყობა" გამოხატა და თქვა, რომ მასთან შეხვედრას ერჩივნა, ქვეწარმავალს შეხვედროდა. 

"მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი - მირჩევნია, ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მას-მეთქი. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფისთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი". - ეუბნება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუსთავი 2-ს. 

მამა თეიმურაზი ჰყვება, რომ მას ფიზიკურად აფექტურ მდგომარეობაში მყოფი "ერის ადამიანი" დაუპირისპირდა.  

"ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა. თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არა მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. დაჩოქება არის ძალიან ცუდი გამოთქმა, ჩემთვის დაჩოქება არავის არ უთხოვია. როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად". - ამბობს მამა თეიმურაზი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ტაბულას რამდენიმე თვითმხილველი წყარო უყვება, რომ ურბნელი მიტროპოლიტის იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. მათივე მონათხრობით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

კომენტარები