რუმინეთი

ლიხტენშტაინის პრინცს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დათვის მოკვლაში ადანაშაულებენ

მურა დათვი არტური. ფოტო 2019 წლის ოქტომბერში Agent Green-ს აქტივისტებმა გადაიღეს
Agent Green / AP

გარემოს დაცვის სფეროში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ლიხტენშტაინის პრინცს ნადირობისას რუმინეთის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დათვის, არტურის მოკვლაში ადანაშაულებს.

რუმინული ორგანიზაცია Agent Green-ის და ავსტრიული ორგანიზაცია VGT-ს ცნობით, მარტში პრინცმა ემანუელმა, რომელიც ავსტრიაში, რიგენსბურგში ცხოვრობს, რუმინეთის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო  ოფიციალური ნებართვა, მოეკლა ძუ დათვი,  რომელიც ტრანსილვანიის ისტორიულ ოლქში, ოჟუდის დასახლებასთან ფერმერულ მეურნეობებს ესხმოდა თავს. დოკუმენტი, რომელიც პრინცს ნადირობის უფლებას აძლევდა 12-იდან 16 მარტის ჩათვლით, პრესაში გავრცელდა.

აქტივისტები ამბობენ, ძუ დათვზე ნადირობის ნაცვლად პრინცმა ემანუელმა მოკლა 17 წლის მურა დათვი, არტური, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა და მას რამდენიმე წლის განმავლობაში ეკოლოგები აკვირდებოდნენ. Agent Green-ის ცნობით, არტური, შესაძლოა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მურა დათვი იყო.

პრინცის წარმომადგენლებს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. რუმინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ინციდენტის გამოძიება დაწყებულია.

გასართობად ნადირობა რუმინეთში 2016 წლიდან აკრძალულია, მურა დათვები საერთაშორისო და ადგილობრივი კანონების ფარგლებში დაცული ცხოველები არიან. ხელისუფლება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გასცემს ცხოველთა მოკვლის ნებართვას, როცა ცხოველი ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება.

კომენტარები