დიდი შვიდეულის სამიტი

ჩინეთი, რუსეთი და პანდემია – დიდმა შვიდეულმა მთავარი საფრთხეები და გამოწვევები განიხილა

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები
Reuters

დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ლონდონში გამართულ სამიტზე მსოფლიოში ამჟამად არსებული ყველაზე დიდი საფრთხეები განიხილეს. ყველაზე დიდ საფრთხედ და გამოწვევად დიდი შვიდეული ჩინეთს, რუსეთს და კორონავირუსის პანდემიას ასახელებს.

ოფიციალურ განცხადებაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს და საფრთხეს უქმნის უკრაინას. ხოლო ჩინეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და თავის ეკონომიკურ გავლენებს ბოროტად იყენებს. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ნაკლებადაა წარმოჩენილი აქტიური ნაბიჯები, რომლებიც რეალურად გავლენას მოახდენს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.

დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებით, გაძლიერდება კოლექტიური ძალისხმევა ჩინეთის "იძულებითი ეკონომიკური პოლიტიკის" და რუსული დეზინფორმაციის შეჩერებისთვის. 

"კოლექტიურად ვიმუშავებთ, რათა გავაძლიეროთ გლობალური ეკონომიკის მდგრადობა თვითნებური და იძულებითი ეკონომიკური პოლიტიკისა და პრაქტიკის წინააღმდეგ" - თქვეს დიდი შვიდეულს საგარეო მინისტრებმა ჩინეთის შესახებ.

"ვფიქრობ, იმის ნაცვლად, რომ გაბრაზდეს, ჩინეთმა სარკეში უნდა ჩაიხედოს და გაიაზროს, რომ უნდა გაითვალისწინოს მოსაზრება, რომ ძირეული საერთაშორისო წესები დაცული უნდა იყოს" - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა.

დიდი შვიდეული მხარს უჭერს ტაივანის მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფორუმებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაში. დიდმა შვიდეულმა ასევე გამოთქვა შეშფოთება, ნებისმიერ ცალმხრივ მოქმედებებზე, რომლებსაც ტაივანის სრუტეში დაძაბულობის ესკალაცია შეუძლიათ. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე საკითხებში ტაივანის ნებისმიერ ჩართულობას.

რაც შეეხება რუსეთის საკითხს, დიდმა შვიდეულმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის შემქმნელი მოქმედებები გრძელდება. [...] ეს მოიცავს უკრაინის საზღვრებზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას, ყირიმის უკანონო ანექსიას, საზიანო მოქმედებებს, რომლებიც ემსახურება სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემისთვის ძირის გამოთხრას, რუსეთის დამაზიანებელ კიბერმოქმედებებსა და დეზინფორმაციის გამოყენებას". - თქვეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეში ჩარევას უარყოფს და დასავლეთში არსებულ "ანტირუსულ" განწყობებზე საუბრობს. ჩინეთი კი ამბობს, რომ დასავლელი ლიდერები პოსტიმპერიალისტური პოზიციიდან მოქმედებენ, რაც მათ უქმნის წარმოდგენას, რომ შეუძლიათ, მსოფლიო ჟანდარმის როლი შეასრულონ.

კორონავირუსის პანდემიაზე საუბრისას დიდმა შვიდეულმა პირობა დადო, რომ ერთად იმუშავებდნენ იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომი ვაქცინების წარმოება. 

"ჩვენ ვიმუშავებთ ინდუსტრიასთან ერთად , რათა მოხდეს Covid-19-ის ხელმისაწვდომი ვაქცინების, თერაპევტული და სადიაგნოსტიკო საშუალებების და მათი კომპონენტების წარმოების გაფართოება" - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში

დიდი შვიდეულის ძირითადი სამიტი, რომელშიც ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას, გაიმართება 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები