დავითგარეჯის საქმე

მეუფე იაკობი მელაშვილზე თავდასხმაზე: დაეტიოს, ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და "შეგნებულ პროვოკაციად" აფასებს. 

"რა ვიცით, რომ ეს ივერის მხრიდან შეგნებული პროვოკაცია არ იყო. მე ის ადამიანი არ ვარ, რამე ვთქვა და ვინმემ მითხრას, ბოდიში მოიხადეო. არ ვიტყვი ისეთ რამეს, რაზეც პასუხისმგებელი ღმერთთანაც არ ვიქნები. ივერის რომ დაინახავ, შევადარებდი კორიდას, ხართან რომ გადიან. ივერი არის მატადორი. ჟურნალისტები გამოდიხართ უბრალოდ, რა, რომ ესვრიან ხოლმე, ლაფარს რომ არჭობენ, კლავთ ხარს, ხო? ის ხარი გირქენს მერე, წაგაქცევს. მერე მიაქვთ და აჭმევენ ადამიანებს. როცა მიდიხარ, პირნათელი ხომ უნდა იყო?" - ამბობს ეპისკოპოსი. 

მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ ივერი მელაშვილი შეუფერებელ დროს დააკავეს, სხვა შემთხვევაში კი ის არავის გაახსენდებოდა.  

"ცუდი რა არის იცით, ისეთ პერიოდში დაიჭირეს, სალაპარაკო გაუხდა ხალხს თორემ, მოეკიდათ მანამდე, ვის გაახსენდებოდა? უვარგისი ადამიანია და არ უნდა ჩადიოდეს, დაეტიოს. მაგას შეუძლია, ოპოზიციურ პარტიებში იაროს, ტაშს ვინც უკრავდა. ქართველ ერთან გამოსასვლელი ცხვირ-პირი მაგას არ აქვს. ახლა როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ და ვისაც უნდა, ისე შეაფასოს. ჩემი ერის მტრებს ჩვენ სხვანაირად ვეპყრობით". - ამბობს მეუფე იაკობი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბჭოს ყოფილი უფროსს, ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები