ბადრი ესებუას საქმე

"ახლა გავალ და დაკავებული იქნება" – შს მინისტრი ბადრი ესებუაზე კითხვას ხუმრობით პასუხობს

ვახტანგ გომელაური
TV პირველი

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად, ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში უკვე დაკავებული იქნება". – შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე კითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება, ხუმრობით პასუხობს. 

მინისტრის თქმით, ესებუას აუცილებლად დააკავებენ, თუმცა, როდის, არ იცის. 

"შეიძლება წლებიც გავიდეს, მილიონჯერ მაქვს გაკეთებული ამაზე კომენტარი, შეიძლება 10 წელი გავიდეს და ჩემ მერე მეორე ან მეოთხე მინისტრმა დააკავოს, ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ ხოლმე 10 წლის წინანდელ, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. გვინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა". – ამბობს გომელაური. 

შეიარაღებული ტერორისტი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც თავდამსხმელთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ჰყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

თავდამსხმელი ოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა ზუგდიდში თავდასხმის ღამესვე იყო იდენტიფიცირებული, ის დაკავებული ამ დრომდე არ არის. მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე უარყოფს, რომ დამნაშავე დააკავეს და ის გაიქცა.

25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავდათ და მედიას მოუწოდებდნენ, გაგების შემთხვევაში, არ გაემხილათ მისი ვინაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 236-ე და 329-ე მუხლებით გრძელდება, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები