დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან ურთიერთობისთვის ახალი საიტი შექმნა

დონალდ ტრამპი

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მხარდამჭერებთან ურთიერთობისთვის ახალი საიტი, donaldjtrump.com-ი შექმნა. საიტზე არის საგანგებო განყოფილება, From the Desk of Donald J. Trump (დონალდ ჯ. ტრამპის საწერი მაგიდიდან), სადაც ტრამპი სასურველ სტატუსებს წერს. აქ უკვე გამოქვეყნებულია რამდენიმე მოკლე გზავნილი. პირველი 13 აპრილით თარიღდება, თუმცა საიტი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 4 მაისს გახდა.

მომხმარებლებს შეუძლიათ, ტრამპის პოსტები Twitter-სა და Facebook-ზე გააზიარონ, თუმცა არ შეუძლიათ, თავად დატოვონ კომენტარები.

დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯეისონ მილერის თქმით, ეს საიტი არ არის სოციალური მედიის პლატფორმა, რომელზეც ის მარტში საუბრობდა. მილერის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმაზე დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით  გახდება ცნობილი. მარტში ტრამპის მრჩეველი ამბობდა, რომ დონალდ ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს და ეს პროექტი "მთლიანად შეცვლის თამაშის წესებს".


6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა სოციალურ მედიაში ვიდეომიმართვები გაავრცელა, რის შემდეგაც სოცმედიებმა, Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დროებით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაბლოკა. მოგვიანებით YouTube-მა ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა.

Twitter-მა, რომელსაც ტრამპი ყველაზე აქტიურად იყენებდა, მისი ანგარიში სამუდამოდ გააუქმა. კომპანიის განმარტებით, ეს "ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო" მოხდა.

კაპიტოლიუმზე შტურმის გამო კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ტრამპს კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისებას ედავებოდნენ, თუმცა სენატმა მის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა

კომენტარები