დავითგარეჯის საქმე

მელაშვილი თავდასხმაზე: ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში შეიყვანეს, ხელისუფლების ბრალია

ივერი მელაშვილი
დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი დავითგარეჯაში თავდასხმაზე ამბობს, რომ ხალხი და სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილები და ეს ხელისუფლების ბრალია. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა. 

"მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, გინდ სოფლის მოსახლეობა, ესენი არიან უბრალოდ შეცდომაში შეყვანილები. ზოგი შეიძლება იყოს პროვოკატორი, მაგრამ არა, ესენი უბრალო ადამიანები არიან და ჩაუდო ვიღაცამ თავში, რომ მელაშვილი გამყიდველია, მელაშვილმა რაღაც გადასცა და გაყიდა, სინამდვილეში ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა". – ამბობს მელაშვილი. 

მელაშვილი აღნიშნავს, რომ დავითგარეჯა საქართველოა და ამას მტკიცება არ სჭირდება.

"არ ვასახელებ სახელებს შეგნებულად, ზოგადად ვასახელებ, ხელისუფლებას ვადანაშაულებ, რა თქმა უნდა, პროკურატურას და მართლმსაჯულებას. შეცდომაში შეყვანილი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ თქვენ, სულ ალალ-მართალ კაცს ჩვეულებრივად მიპირისპირდება, მეძახის მოღალატეს, მაგინებს, შეურაცხყოფას მაყენებს... ვიღაცამ აჩვენა დამონტაჟებული კადრები თუ რაღაც არ ვიცი, რომ თითქოს მელაშვილმა თქვა რომ დავითგარეჯი საქართველო არაა. დავითგარეჯი რომ საქართველოა - ეს ორჯერ ორი ოთხია. რათ უნდა ამას ბევრი მტკიცება". – ამბობს მელაშვილი. 

ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  ივერი მელაშვილზე ფიზიკურად არ უძალადიათ, თუმცა მთავარი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია კამერა. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. 


სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათი გირაოს თანხა 2 საათში შეგროვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.   

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

20 აპრილს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმე GDI-მ სტრასბურგში გაგზავნა

კომენტარები