ვაქცინაცია

გაბუნია: PFIZER-ის ახალი დოზები ივნისის თვეშია მოსალოდნელი

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, PFIZER-ის ახალი დოზა ივნისის თვეშია მოსალოდნელი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"მოკლე ხანში შესაძლებელია ნოვაქსის მეტად გამოჩენა ბაზარზე, როგორც კოვაქსი პლატფორმით, ასევე უშუალოდ ნოვაქსთან მოლაპარაკების საშუალებით და გარკვეული დოზები PFIZER-ის არის მოსალოდნელი ივნისში კოვაქსის პლატფორმიდან და მიდის მუშაობა PFIZER-თან, დამატებითი დოზების შესახებ, რაზეც ინფორმაციას მოკლე ხანში გვეცოდინება და მოგაწვდით". – ამბობს გაბუნია. 

PFIZER-ის ახალ დოზებზე ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის ბოლოსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინა ზაფხულში შემოვა, თუმცა მაშინ ეკატერინე ტიკარაძეს დრო არ დაუკონკრეტებია. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინა – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

 

კომენტარები