საქართველოს საფონდო ბირჟა

ნული ლარი – საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიური ბრუნვა აპრილში

საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2021 წლის აპრილში 0 ლარი შეადგინა.  

მსგავსი წარმატებით გამოირჩეოდა 2021 წლის მარტიც, მაშინაც საშუალო დღიური ბრუნვა 0 ლარს აღწევდა.

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 699 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა გასული თვის განმავლობაში ბირჟაზე ვაჭრობა არ შემდგარა და, შესაბამისად, თვიური ბრუნვა 0 ლარის ტოლი იყო. 

სულ 2021 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე 8 გარიგება შედგა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 453 ლარი შეადგინა.

თებერვალში მხოლოდ ერთი გარიგება შედგა, მისი ღირებულება კი 366 ლარი იყო.

"საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით". – წერია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები