ვაქცინაცია

ამირან გამყრელიძე ჩინური სინოფარმით პირდაპირ ეთერში აიცრა

Mtavari TV

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების სინოფარმის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. 

მან მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში მისვლისა და აცრისკენ მოუწოდა. 

"აცრების გარეშე და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულების გადის ჩვენ ქცევებზე, თუ ავიცრებით ორჯერ 60% ჩვენი მოსახლეობის, გარეთა სივრცეში ჩვენ ამ პირბადეს მოვიხსნით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, მივიდნენ ამცრელ პუნქტებში და აიცრან". – თქვა გამყრელიძემ. 

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები