წვრილმანი ხულიგნობა

ვაშაძე სანქციების გამკაცრებაზე: ამის განხილვას დავაბრუნებთ პარლამენტში

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას ეხმაურება. ის ახალი ინიციატივით გამოდის და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, აღნიშნული ცვლილებები მოხსნას.

"მიუხედავად ამ ცვლილების მიღებისა დაჩქარებული წესით, მე ვაპირებ, რომ, პირიქით, ახლა კიდევ ერთი ინიციატივა გავაკეთო და მოვხსნათ ეს ცვლილებები, ამის განხილვას დავაბრუნებთ ჩვენ პარლამენტში. მეთოდი ეს არის სწორედ, რომ მე ვერავინ ვერ ამიკრძალავს საკანონმდებლო ინიციატივას უკვე და მე ვაპირებ, რომ შევიდე ინიციატივით და ქართულ ოცნებას მოვუწოდო, რომ დავაბრუნოთ უკან ის რედაქციები, რაც იყო და არ გვინდა დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები პროტესტის გამოხატვის დროს, იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება". - ამბობს ვაშაძე. 

დღეს, 29 აპრილს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

აშშ-ს საელჩო კი თავის განცხადებაში წერს, რომ ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა". 

კომენტარები