ვაქცინაცია

გაბუნია: სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება, WHO-ს ავტორიზაციაც ვფიქრობ, მალე დაეწევა

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმის ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. მისივე თქმით, თუ ორგანიზაციისგან პასუხს მეტი დრო დასჭირდება, ეს საქართველოში სინოფარმით ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს.

როგორც გაბუნია ამბობს, ჩინური სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყება. 

"კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სინოფარმი დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც". - ამბობს გაბუნია. 

27 აპრილიდან საქართველოში ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში.

კომენტარები