პოლიტიკური კრიზისი

"ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული" – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას ხვდება

პარლამენტი

"ერთი ადამიანის ნება-სურვილზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება". – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას. ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული. 

"შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას, დეესკალაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება, ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული". – თქვა ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია მზადყოფნას გამოთქვამს, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას). შედეგად, 27 აპრილს, პარლამენტში იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება.

ოპოზიციის იმ ნაწილის მტკიცებით, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, ამნისტია არ გავრცელდება ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებულ  მუხლებზე, "ანუ ჯალათებზე". მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ ამნისტია გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, თუმცა მათივე მტკიცებით, დაცული იქნება კონვენციური სტანდარტები.

კომენტარები