მთავრობა

ღარიბაშვილი: ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, პროექტის ღირებულება 500 მილიონი ლარია

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რეგიონების განახლების გეგმა წარადგინა, რომელიც მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების ურბანულ განვითარებას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია.

"ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას, ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას, ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახლებების ურბანულ განახლებას, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ტურისტული და დასასვენებელი ზონები.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის ფარგლებში". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმინისტრის თქმით, პროექტით გათვალისწინებული ტენდერები აპრილში, მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები ივნისიდან დაიწყება. 

კომენტარები