კორონავირუსი საქართველოში

აშშ-მ საქართველოს ფაიზერის ვაქცინების შესანახად 3 მაცივარი აჩუქა

COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ს მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი აჩუქა. აშშ-ს საელჩოს ცნობით, ეს საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება.

"მაცივრები აშშ-ს ევროპული სარდლობის $1 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების ნაწილია, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა" - აცხადებს საელჩო.

NCDC-ს დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა საქართველოს შეუძლია, ფაიზერის ვაქცინების მილიონობით დოზა შეინახოს.

"ამერიკის საელჩომ ევროპაში ამერიკის სარდლობის დახმარებით, ჩვენთვის ახალი, მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები შეიძინა, რომლებიც განკუთვნილია ულტრადაბალ ტემპერატურაზე შესანახი ვაქცინებისთვის. 

ეს სამი მაცივარი გადმოსცეს საჩუქრად ჩვენს ცენტრს. იქვე არის მეოთხე მაცივარი, სხვათა შორის, რომელშიც უკვე ინახება ფაიზერის ვაქცინები და კიდევ ეს სამი მაცივარი დაემატა.  ამჟამად, ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ ფაიზერის ვაქცინები“, – თქვა იმნაძემ.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინა მხოლოდ 14 000 ადამიანისთვის შემოვიდა. ქვეყანაში 55 წელს ზემოთ ასტრაზენეკას ვაქცინით ცრიან, ხოლო სხვა ჯგუფებისთვის ჩინური სინოფარმის 100 000 დოზა აქვს ნაყიდი. სინოფარმით ვაქცინაცია მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება, იმის მიუხედავად, მისცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას თუ არა.

გარდა ამისა, საქართველოს მოლაპარაკებები აქვს ფაიზერის და ნოვავაქსის ვაქცინების მილიონ დოზაზე, თუმცა, უცნობია, როდის მოხერხდება მათი შესყიდვა და საქართველოში შემოტანა.

კომენტარები