ვაქცინაცია

"უშვილობა, დნმ-ის შეცვლა, აცრამდე ანალიზები" – მითები და პასუხები Covid19-ის ვაქცინაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ შექმნილ მითებზე საუბრობს. მასთან ინტერვიუ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, თამუნა კვარაცხელიამ ჩაწერა. გთავაზობთ იმნაძის განმარტებას იმ რამდენიმე მითზე, რომელიც განსაკუთრებით არის გავრცელებული.

იწვევს თუ არა ვაქცინა კორონავირუსით დაინფიცირებას?

"კორონას შემთხვევაში არის ორი ტიპის ვაქცინა. ან დახოცილი ვაქცინები, როგორიც არის იგივე ჩინური Sinopharm-ი ან Sinovacი-, კიდევ სხვა ვაქცინებიც არსებობს, ან ის ვაქცინები, რომლებიც ახლა უფრო გამოიყენება, ეს არის AstraZeneca-ს, Pfizer-ის ტიპის ვაქცინები, რომლებიც ვირუსის შემადგენელს არაფერს, არ შეიცავენ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გამორიცხულია, რომ ამ ვაქცინებმა გამოიწვიონ კორონავირუსი".

იწვევს თუ არა ვაქცინა უშვილობას?

"ეს არ არის ახალი მითი და არ არის [მხოლოდ] კორონავირუსზე მოგონილი, ეს მითი ძალიან დიდი ხანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება ხოლმე, ძირითადად დასავლური ვაქცინების მოწინააღმდეგეების მიერ, უფრო პოლიტიკურ ელფერი აქვს ხოლმე ამას.

როგორ გითხრათ, აბა? ეს არის აბსოლუტური ტყუილი, არავითარი კავშირი ფერტილობასა და ვაქცინაციას შორის ნამდვილად არ არის, ეს დადასტურებულია უამრავი კვლევით ყველანაირ ვაქცინაზე და მათ შორის კორონა-ვაქცინაზე, რომელიც არაფერ კავშირში არ შეიძლება იყოს გამრავლების უნართან"

შემიცვლის თუ არა კორონავირუსის ვაქცინა გენეტიკურ კოდს?

"ადამიანებს ვიღაცამ არასწორად მიაწოდა ინფორმაცია... ეს ვაქცინები მართლაც მიღებულია გენეტიკური მანიპულაციით ვირუსთან დაკავშირებით, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინება, რომ RNM, ინფორმაციული RNM, რომელიც არის ძირითად ვაქცინებში და წარმოქმნის კორონას დამახასიათებელ ცილას, რომელზეც იმუნიტეტი გვიმუშავდება, უკუგზა, რომ ის მერე მოხვდეს ჩვენს DNM-ში და შეცვალოს ჩვენი DNM, ამის ბიოლოგიური მექანიზმი თეორიულადაც კი არ არსებობს, ეს უბრალოდ გამორიცხულია, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ბიოლოგიაში, იმან იცის, რომ ინფორმაციულ RNM-ს არაფრით შეუძლია მობრუნდეს უკან და შეცვალოს DNM, ასე რომ ეს არის ძალიან დიდი, დიდი ტყუილი. ამ ვაქცინის შემდეგ ნამდვილად არ გვემუქრება [გადაჯიშება]"

რამდენად საშიშია ვაქცინაში შემადგენელი ნივთიერებები  ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

"შესაძლოა, ვაქცინაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი მართლაც იყოს ყველაზე საფრთხილო რაც არის, ალერგიული რეაქციების გამომწვევი, მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს, შემიძლია, ვთქვათ, რომ ნაყინშიც შედის ის ნივთიერებები, მაგრამ, ნაყინს, ალბათ, ყველა მიირთმევს და არ ეშინია, რომ ნაყინი მას რამე საშინელებას დამართებს... აქედან გამომდინარე, ეს ნივთიერებები არის ფართოდ გამოყენებული კვების მრეწველობაშიც, მაგალითად, ასტრაზენეკაში ძალიან მიკროსკოპული რაოდენობით ალკოჰოლიც კი შედის, აქედან გამომდინარე, არაფერი საშიში არ არის ამ ნივთიერებებში, თუმცა, ეს ის ნივთიერებებია, რომელზეც ვიღაცას, ძალიან იშვიათად, უკიდურესად იშვიათად შეიძლება ალერგიული რეაქცია ჰქონდეს".

ვაქცინაციამდე წინასწარი გამოკვლევების ჩატარება საჭიროა?

"არცერთი კვლევით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სერიოზულ კვლევებზე ვლაპარაკობ, არ არის რეკომენდებული არავითარი გამოკვლევა, ძალიან დიდი ბოდიში ჩემს კოლეგებთან, ვინც ამას არეკლამებს, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ უბრალოდ ადამიანებს ფული დაახარჯვინონ ანალიზების კეთებაში.

არავითარი ანალიზები საჭირო არ არის, თუ ადამიანი ჩვეულებრივ რაღაც პერიოდულ გამოკვლევას ჩაიტარებს, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი და ამის ვაქცინაციასთან დაკავშირება არაფრით არ შეიძლება.

კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ, არცერთი რეკომენდაციით, არცერთი ანალიზის ჩატარება ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ამის საფუძველზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ექიმი ვერ მიიღებს, ვაქცინაცია საჭიროა თუ არა, არ არსებობს ბუნებაში ალგორითმი, რომ ამ დროს შეიძლება და ამ დროს არ შეიძლება. ეს არის ტყუილი..."

კომენტარები