ჯორჯ ფლოიდის საქმე

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნეს

აშშ-ში მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავეს ცნეს. შოვინი ჯორჯ ფლოიდს დაკავებისას მუხლით ყელზე აწვებოდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

45 მოწმის ჩვენებების სამ-კვირიანი განხილვის შემდეგ თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა შოვინი დამნაშავედ ცნო ყველა ბრალდებაზე, მათ შორის, მეორე ხარისხის მკვლეობაზე, მესამე ხარისხის მკვლელობაზე და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაზე.

სასამართლოს გარეთ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

მას 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შესაძლოა, პროკურორები სასჯელის ვადის მაქსიმუმ 40 წლამდე გახანგრძლივებას ესწრაფვიან იმ შემთხვევაში,თუ მოსამართლე დაადგენს, რომ "დამამძიმებელი ფაქტორები" არსებობდა. 

მანამდე, 20 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტი ფლოიდის ოჯახის წევრებს ესაუბრა. "ვლოცულობ, რომ სწორი განაჩენი იყოს". - თქვა მან.

2020 წლის 25 მაისს აშშ-ში, მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციამ დაკავებისას მოკლა შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შოვინი მას კისერზე მუხლით აწვება, ფლოიდი კი ამბობს, რომ ვერ სუნთქავს. მომხდარს ქალაქ მინეაპოლისში, მოგვიანებით კი აშშ-ს თითქმის ყველა შტატში მასშტაბური აქციები მოჰყვა.

კომენტარები