პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მჯერა, ოპოზიციის წევრებმა გულწრფელი შეცდომა დაუშვეს, თუმცა, ეს ზიანს არ ამცირებს

ტაბულა

"მინდა ყველას, ყველა აქტიურ მოქალაქეს მოვუწოდო, ვინც ჩემსავით თვლის, რომ სერიოზული შეცდომა იყო, როგორც წარმართეს ჩვენი პარტნიორების ნაწილმა ეს მოლაპარაკება, რის შედეგადაც გვაქვს ეს დოკუმენტი, თავი შეიკავონ არაკორექტული თავდასხმებისგან და ბრალდებებისგან იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჩვენგან განსხვავებული აზრი აქვს". – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და თვლის, რომ ვინც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა, "გულწრფელად შეცდა". 

"ზოგჯერ ადამიანები გულწრფელად ცდებიან და ამის მიღმა არაფერი არ არის, ოღონდ ზოგჯერ და არა ყოველთვის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასეთი სერიოზული შეცდომა არ ამცირებს ზიანს, რომელიც ჩემი აზრით, უკვე დადგა". – ამბობს ბოკერია. 

მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და არჩევნების მიმართ ნდობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოკერია აღნიშნავს, რომ პირიქით, დოკუმენტი სახიფათოა. 

"სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მე და ჩვენი გუნდი ამ შედეგს ვერ ვხედავთ. პირიქით, საფრთხეს ვხედავთ და ეს ძალიან ცუდია. მიუხედავად ამისა, მე პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების (არა ყველას შემთხვევაში) გულწრფელი შეცდომა არის ეს. კორექტულობისკენ მოვუწოდებ ყველას. მაგრამ თუ ისინი, თავიანთი მძიმე შეცდომის გადაფარვას აქეთ ბრალდებებით აპირებენ, ამას თავგასულობა და უტიფრობა ჰქვია". – ამბობს გიგა ბოკერია.  


19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი - მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა. დღეს, 20 აპრილს, დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან წასულმა, გრიგოლ ვაშაძემ. 

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს განცხადებით, მოლაპარაკების სივრცის გასახსნელად აუცილებელია ნიკა მელიას უპირობოდ, გირაოს გარეშე გათავისუფლება.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი,  "ჩვენს სიტყვას აქვს ფასი, როცა რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ". მან აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე ვადამდელი არჩევნების მიბმა არასწორია და ეს საკითხი გამოსასწორებელია. 

კომენტარები