პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში რაც წერია, რეალობას შეცვლის

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია მოაწერს თუ არა ხელს შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს. მისი თქმით, ის დილიდან გირჩის წევრებთან კონსულტაციებს გაივლის. 

ჯაფარიძის თქმით, თვითმართველობის არჩევნების ვადამდელზე მიბმა არასწორია, რადგან "არ შეიძლება ადამიანებმა გააკეთონ რაღაც არჩევანი და იმ არჩევანს მიაბა მათი სხვა არჩევანი". 

"ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ევროკავშირიც, ამერიკაც, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ ქვეყანაში იმას, რომ მართლმსაჯულება ყოფილიყო მართლა მართლმსაჯულება და არჩევნები ჩატარებულიყო წესიერად, მაგრამ მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, მივედით იქამდე, სანამდეც მივედით, რომ არც მართლმსაჯულება გვაქვს, არც არჩევნები გვაქვს და ზოგადად არ არსებობს ქვეყანაში რამე ინსტიტუტი, რომელსაც ნდობა ექნება. ეს ხდებოდა მათი მხარდაჭერის ფონზე. ამიტომ, აქ დამოკიდებულება არის ეგეთი, რომ გჯერა თუ არა იმისი, რომ რაც დოკუმენტში წერია, ის შეცლის რეალობას? - მე რა მჯერა". – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტი მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ეკვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

 

კომენტარები