პოლიტიკური კრიზისი

ჯაფარიძე: არ მომწონს ეს დოკუმენტი, ერთადერთი, პოლიტპატიმრების საკითხია უკეთ გაწერილი

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

"დოკუმენტი არ მომწონს, არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა და არც ამაზე მჯერა, თუმცა აქ კარგი ის არის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი უფრო კარგად არის გაწერილი". - ამის შესახებ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტზე გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა.

მისი თქმით, პარტიას ექნება კონსულტაციები პარტიის შიგნით და გარეთ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოაწერენ თუ არა დოკუმენტზე ხელს.

"ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს. ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო, მოვიფიქროთ და მათ შორის ერთმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ, არის ის, რომ წავიდე პარტიაში, მქონდეს კონსულტაციები, სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ამბავია, ეს არ გაგრძელდება დიდხანს და შეიძლება აქ გვქონდეს ერთიანი შეხვედრა. ოცნება მოაწერს თუ არა, ეგ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგაზე არაა დამოკიდებული ჩემი ხელმოწერა, მე თვითონ მაქვს მისაღები პრინციპული გადაწყვეტილება. არც ერთ პარტიას არ აქვს მნიშვნელობა, მე უნდა გადავწყვიტო და უნდა გადაწყვიტოს ჩემმა პარტიამ, მათთან მჭირდება კონსულტაცია". - ამბობს ჯაფარიძე. 

როგორც ჯაფარიძე ამბობს, მისთვის დოკუმენტში მხოლოდ პოლიტპატიმრების საკითხია მნიშვნელოვანი, ამის მიღმა კი, როგორც ის ამბობს, არცერთი პუნქტის არ სჯერა. 

"არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე ასევე არ მჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას, თორემ ისე ეს დოკუმენტი არ არის არაფერი. არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების ნაწილს. პოლიტპატიმრების ნაწილში მართლა მნიშვნელოვანი წინსვლაა და იმ ხალხის გამოშვება მართლა მნიშვნელოვანია, მაგის მიღმა რაც არის, რავიცი, არაფრის მჯერა. რაც ცალსახად ჩანს და დღესაც დაგვიდასტურეს, არის ის, რომ ეს პროცესი ვერ გაგრძელდება უსაშველოდ.

არც იმის მჯერა, რომ იმ პუნქტებით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა მოხდება და მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში ეშველება, არც იმის მჯერა, რომ არჩევნების ნაწილში რაც წერია, მაგით საარჩევნო სისტემა ისეთი გამართული გახდება, რომ კარგ არჩევნებს ჩავატარებთ და ის ბოლო პუნქტი საერთოდ ძალაუფლების განაწილების, კომიტეტის თავმჯდომარეები გახდებიან ოპოზიციის წევრები, ეგ ჩემი აზრით, საერთოდ არაფერი არ არის, ანუ არაფრის არ მჯერა მაგის იქით. პოლიტპატიმრების ნაწილი არის მნიშვნელოვანი, რომ დაზუსტდა და მექანიზმები გაიწერა". - ამბობს ჯაფარიძე.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ. 

დოკუმენტში შემოთავაზებლია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს პუნქტს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომლის თანახმადაც ხელმომწერებმა ვალდებულება უნდა აიღონ, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის განმავლობაში განიხილონ პოლიტიზებული სამართლიანობის ორი შემთხვევა, ამნისტიით ან/და ისეთი ნაბიჯებით, რომ მისი ექვივალენტური შედეგი გამოიღოს. პარლამენტში წარმოდგენილი მხარე ამნისტიის შესახებ კანონის ინიციატივით უნდა გამოვიდეს 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და ბრალდების შესახებ.

"შემდეგ ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ ხმა მისცენ საკანონმდებლო ცვლილებებს და საპარლამენტო წესების რეფორმას". – ნათქვამია დოკუმენტში. 


საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები