პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: საბოლოო დოკუმენტში იქნება რიგგარეშე არჩევნებიც და პოლიტპატიმრების საკითხიც

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქართული ოცნების მიერ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმიანება და ამბობს, რომ მოლაპრაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, საბოლოო დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა.

"ვთქვი წინა კვირაში, რომ ერთ კვირაში ველოდები გარკვეულ სტარტს ახალი ეტაპისა მოლაპარაკებების. მე ვფიქრობ, ძალიან მალე ჩვენ ვნახავთ, რომ საბოლოო დოკუმენტი იქნება ისეთი, რომელიც მისაღები უნდა იყოს ორივე მხარისთვის, სადაც იქნება რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის გზა და პოლიტპატიმრების აუცილებლად გათავისუფლების საკითხი, ასე რომ, ძალიან სწორად მიდის ყველაფერი.

დამერწმუნეთ, დღეს თალაკვაძე რომ გამოვიდა და გააკეთა ეს განცხადება, იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ასე უნდოდა, არამედ სწორედ ჩვენმა არგუმენტაციამ და მუშაობამ შედეგი გამოიღო, თქვენ პირველად მოისმინეთ მათგან, რომ ისინი რაღაც მექანიზმზე უკვე საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელად", - ამბობს გიორგი ვაშაძე.


პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები