პოლიტიკური კრიზისი

ქართული ოცნება კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს

პარალამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

"დღეს ქართული ოცნება საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც, ასევე, არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა კომენტარებში". - თქვა თალაკვაძემ.  

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ დოკუმენტს დღემდე არ მოაწერეს ხელი, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებსა და ელჩების მიერ დამატებითი კონსულტაციების გამართვას ელოდნენ. 

"ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის კიდევ ერღი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ არ იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა ყველა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტის ოფიციალური დასკვნებით არის გამყარებული". - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

თალაკვაძის თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის გამტკიცებითვის მიიღეს, "რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან ქართული ოცნების მიზეზით". 

"დამატებითი კონსულტაციებისთვის გამოყოფილი დროც ამოიწურა, ფასილიტატორ ელჩებსაც დაველოდეთ, ეს პერიოდიც გავიდა, ხოლო ოპოზიცია შეთანხმებაზე ხელმოწერას, ვხედავთ, რომ ვერ ახერხებს". - თქვა მან.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებითვე, ქართული ოცნება მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს. კითხვაზე, რას ნიშნავს ეს, არჩილ თალაკვაძე პასუხობს – "თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 40%-ს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით".


კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტს მოიცავს. მათ შორის არ არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ ჩარჩოში. ამასთან არცერთი პუნქტი არ ეხება მთავარი არხის თანადამფუძნებელ, გიორგი რურუას. ოპოზიციისთვის სწორედ ეს ორი ფაქტი გახდა დოკუმენტზე ხელის არმოწერის მიზეზი. 

1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

ტექსტის ამ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის "პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას". ამავდროულად პარლამენტმა უნდა შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში, რათა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას დასჭირდეს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა. 

ამ პუნქტში ნახსენები არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომლის წინააღმდეგ აღძრული საქმეც სწორედ "გავრილოვის ღამეს" უკავშირდება, თუმცა, როგორც პარტიების, მათ შორის ქართული ოცნების წევრებმა განმარტეს, ეს პუნქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოიცავდა – მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა. 

2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

ეს პუნქტი აერთიანებს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ პაკეტს, რომელზეც პარტიების დიდი ნაწილი თანახმა იყო. ამ პუნქტის მიხედვით მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული, მომდევნო ორ არჩევნებზე კი საარჩევნო ბარიერი უნდა მერყეობდეს ბუნებრივიდან 2%-მდე. 

პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფს უნდა შეეძლოს საპარლამენტო ფრაქციის შექმნა, რომელშიც სხვა პარტიებიდან დეპუტატების ჩართვა შესაძლებელი იქნება. პუნქტი ასევე მოიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმასაც. მაგალითად, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხმების 2/3-ით. სხვა დეტალები იხილეთ სრულ დოკუმენტში

3. კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა

დოკუმენტის მესამე პუნქტი მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს აერთიანებს, რომლის მიხედვითაც, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ახალი კანდიდატებისგან განცხადებების მიღება ხელახლა უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა. შემუშავებული ტექსტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეულ რეფორმას და პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაიზარდოს გამჭვირვალობა. პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის 2019 წლის დასკვნა. 

ამავე პუნქტის მიხედვით, "საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, გააგრძელონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები". 

4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

ამ პუნქტის მიხედვით, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი შერჩეული იქნება შემდეგი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი. 

ამასთან, ოპოზიციის წევრები დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის ერთ პოზიციას საპარლამენტო დელეგაციებში. 

"სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]". – წერია დოკუმენტში. 

5. მომავალი არჩევნები

"პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება". 

პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას". 

კომენტარები