ავლაბარი

შსს: საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეტრო ავლაბრის მიმდებარედ საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.

პოლიციამ  მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ნ.წ. დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოიება ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ავლაბარში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს, 16 აპრილს, დაახლოებით, 12:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

კომენტარები