ცენზურა ჩინეთში

ჩინურმა კომპანიებმა კომუნისტური მთავრობის წინაშე მორჩილების პირობა დადეს

სი ძინფინგი

უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიებმა კომუნისტური მთავრობისა და მთავარი მარეგულირებელი ორგანოების წინაშე პირობა დადეს, რომ ისინი შეწყვეტენ ანტიკონკურენტულ ქმედებებს და არ დაარღვევენ ანტიმონოპოლიურ კანონს

ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს, კიბერსივრცის ადმინისტრაციისა და გადასახადების ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ 34 ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებლებს, მათ შორის: Alibaba-ს, Tencent-ის, ByteDance-ისა და Baidu-ს წარმომადგენლებს. 

ოფიციალური შეხვედრის მიზანი კომპანიების გაფრთხილება და მათგან მორჩილების პირობის მიღება იყო. 
ჩინეთის მთავრობა არ მალავს იმ ფაქტს, რომ Alibaba-ს რეკორდული $2.8-მილიარდიანი ჯარიმა დასჯის სამაგალითო შემთხვევა იყო, რითაც მთავრობამ მკაფიოდ დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ ის კომპანიები, რომლებიც არ ემორჩილებიან მთავრობას ან აკრიტიკებენ მარეგულირებელ ორგანოებს, აუცილებლად, უმკაცრესად დაისჯებიან. 

ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო მოითხოვს, რომ კომპანიებმა ერთი თვის განმავლობაში ჩაატარონ შიდა გამოძიება, აღწერონ დარღვევები და შენიშვნები. გარდა ამისა, მათ საჯაროდ უნდა აღიარონ არსებული ხარვეზების შესახებ და ოფიციალური განცხადებით მთავრობის წინაშე მორჩილების პირობა უნდა დადონ. 

ის კომპანიები, რომლებიც არ შეასრულებენ მოთხოვნებს და დაარღვევენ წესებს, მარეგულირებლის თქმით, უმკაცრესად დაისჯებიან.  

დღევანდელი, 14 აპრილის მონაცემებით, 12-მა კომპანიამ უკვე დადო მორჩილების პირობა, მათ შორისაა: ByteDance, Baidu, Meituan, JD და Pinduodu. 


რას გულისხმობს ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი ? 

ჩინეთის კანონმდებლობით, ანტიმონოპოლიურ ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს: ბაზრის მანიპულირება, კონკურენტების ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხება, ციფრული ეკოსისტემის ჩაკეტვა, მომხმარებლების იძულება, ხელოვნურად დაბალი ფასების დაწესება, ბაზრის მონოპოლიზაცია, დომინანტი პოზიციის ბოროტად გამოყენება, კორპორაციული საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, გადასახადების თავიდან აცილება, კომპიუტერული ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის არაკონკურენტული მიზნებით გამოყენება. 

ექსპერტების თქმით, ჩინეთის ანტიმონოპოლიური კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი და ბუნდოვანია, რაც, თავის მხრივ, კომუნისტურ მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ სასამართლო პროცესები არა კანონებზე, არამედ პოლიტიკურ ნებაზე დაყრდნობით წარმართოს. 

ჩინეთის მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების წარმართვის გამო, მათ შორის, Alibaba-ს შემთხვევას ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი დამფუძნებლის, ჯეკ მას კომუნისტური მთავრობის მიმართ მტრულ დამოკიდებულებასთან აკავშირებს. 

მას შემდეგ, რაც ჯეკ მამ ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანოები საჯაროდ გააკრიტიკა, მისი კომპანიების წინააღმდეგ დაიწყო საგამოძიებო პროცესები. 

პირველ რიგში, მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მას Ant Group-ის $37-მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა. 

რამდენიმე თვეში კი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის მუხლით Alibaba-ს წინააღმდეგ საგამოძიებო პროცესი დაიწყო, რომელიც კომპანიის $2.8-მილიარდიანი დაჯარიმებით დასრულდა

2021 წელს კი ჯეკ მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლებს და, მათ შორის, ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს არაერთხელ უთქვამს, ყოველივე ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია. 

ექსპერტები ჩინეთის მთავრობას ორმაგი სტანდარტების დაწესებაშიც ადანაშაულებენ, კერძოდ, ანტიმონოპოლიური კანონი, ძირითადად, მხოლოდ იმ კომპანიებს ეხებათ, რომლებიც არ სარგებლობენ მთავრობის მხრიდან კეთილგანწყობით.  

აშშ-ის ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს, ანუ ჩინეთის ეროვნულ ჩემპიონებს კი, ძირითადად, ანტიმონოპოლიურ კანონი არ ეხებათ და ისინი მთავრობის მხრიდან იმუნიტეტითა თუ დაფინანსებითაც კი სარგებლობენ. 

გარდა კანონმდებლობისა, ჩინეთი საფინანსო ტექნოლოგიური ბაზრის შეზღუდვასაც აქტიურად ცდილობს, კერძოდ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, Alibaba-ს Alipay და Tencent-ის WeChat Pay იქნება. 
 

კომენტარები