ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარის დირექტორი, რომელიც მშენებლობებს ეწინააღმდეგებოდა, გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებსა და მათ გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯინჭარაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ირაკლი ჯინჭარაძე 30 მარტს, ბათუმის საკრებულოში სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ბათუმის ბულვარი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და მან ეს პოზიცია დააფიქსირა. 

"არ შეიძლება იმიტომ, რომ ბათუმის ბულვარში არის უკვე 5 თუ 6 ობიექტი გასხვისებული, რომელმაც შედეგად მოგვიტანა შუაგულ ძეგლში დახურული აუზი, ივერია ბიჩის სანაპირო, ასევე სხვა. დიახ, კარგია ეს ყველაფერი, კერძო ფართები, მაგრამ ამისთვის არის მახინჯაური, გონიო, კვარიათი, სადაც შესაძლებელია და დღეს გვაქვს ოაზისი, შეკვეთილი. 

არა, ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასათვის მისაწვდომი. მე მეტი არაფერი არ მინდა და არ მითქვამს, არავის არ ვეწინააღმდეგები. მე, როგორც ბულვარის დირექტორმა დავაფიქსირე, ჩემი ვალდებულება იყო ეს და გავაკეთე". – თქვა ირაკლი ჯინჭარძემ. 

კომენტარები