WizzAir

ვარშავის და ვილნიუსის გარდა, Wizzair-მა ქუთაისიდან ფრენები ისევ გადადო

Wizzair-მა ქუთაისიდან ფრენების უმეტესობა ზაფხულამდე და შემოდგომამდე გადადო. ეს არ ეხება ვარშავის და ვილნიუსის მიმართულებებს, საიდან ფრენებიც დაგეგმილი განრიგის მიხედვით, 18 აპრილს უნდა შესრულდეს.

12 აპრილის მონაცემებით, ქუთაისიდან დორტმუნდის და რიგის მიმართულებით ფრენები შესაძლოა მაისის მეორე ნახევარში შესრულდეს. ვენის, პუდაპეშტის, კატოვიცეს, გდანსკის მიმართულებით კი - ივნისის მეორე ნახევარში.

Wizzair-ის განრიგით, ლარნაკის, მემინგენის, პრაღის, ათენის, თესალონიკის, მილანის და ვროცლავის მიმართულებით ფრენები ივლისშია დაგეგმილი, ხოლო აბუ-დაბის და კრაკოვის მიმართულებით ოქტომბერში. 

რაც შეეხება ტალინს, ბერლინს, რომს და პოზნანს, რეისები ნოემბრამდეა გადადებული.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მათ Wizzair-ს ფრენის ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21-ვე მოთხოვნილ მიმართულებაზე მისცეს. სააგენტო 30 მარტს აღნიშნავდა, რომ პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისები 4 მიმართულებით იგეგმებოდა - ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air).

"ინფორმაციისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიანიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა, ფაქტობრივად, ამ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე - დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით". - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

წელიწადზე მეტია, Wizzair-ს საქართველოში ფრენები შეწყვეტილი აქვს. მაშინ, როცა ქვეყანა მწვანე ზონაში იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. 

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლებისმისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები