ნამახვანჰესი

შსს: საფრთხის გამო რიონის ზონიდან კარვების გატანა და მოქალაქეების გადაყვანა გადავწყვიტეთ

მთის ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიონში მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატების გამო გადაწყვეტილება მიიღეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქტივისტების კარვები საფრთხის შემცველი ზონიდან გაიტანონ და მოქალაქეები სხვა ადგილას გადაიყვანონ.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც, შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, უკვე რამდენიმე თვეა, კარვები აქვთ გაშლილი.

სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ, 10 აპრილს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები