ცენზურა ჩინეთში

ჩინეთმა ALIBABA რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ჯეკ მა და სი ძინფინგი

ჩინეთის სასამართლომ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Alibaba 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია ჩინეთის ანტიმონოპოლიურ კანონს არღვევდა და ის კონკურენტების წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. 

2.8-მილიარდიანი ჯარიმა ჩინეთის ისტორიაში რეკორდულია და ის კომპანიის შემოსავლების თითქმის 5%-ს შეადგენს. 

ექსპერტთა ნაწილი ჩინეთის მკაცრ მიდგომას Alibaba-სა და მისი დამაარსებლის, ჯეკ მას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათი თქმით, კომუნისტური მთავრობა სჯის იმ კომპანიებს, რომლებიც არ ემორჩილებიან პარტიულ ნებას და აკრიტიკებენ ჩინეთის მთავრობას.

Alibaba-ს წინააღმდეგ ჩინეთის მთავრობამ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანო და კომუნისტური მთავრობა საჯაროდ გააკრიტიკა. 

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჯეკ მას Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) მთავრობამ შეაჩერა.

2021 წელს კი მამ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა

2021 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ Alibaba-ს ვებბრაუზერი UC Browser დაბლოკა.

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა თქვა, რომ ეს ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის მხოლოდ დასაწყისია და ჩინეთი უფრო მკაცრად მიუდგება ისეთი კომპანიების საკითხს, რომელთაგანაც პოტენციური საფრთხე მომდინარეობს.

 

კომენტარები