შსს

9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შსს-მ გამოძიება დაიწყო

9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას უწყებაში დაუდასტურეს. 

შსს მედიასთან დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. დღეს, 9 აპრილს Facebook-ის ერთერთ დახურულ ჯგუფში მომხმარებელი წერდა, რომ თბილისში, იაშვილის კლინიკაში შეიყვანეს 9 წლის გოგო, რომელზეც 45 წლის კაცმა იძალადა. 

"ვარ იაშვილის კლინიკაში, შემოიყვანეს 9 წლის ბავშვი, იძალადა 45 წლის კაცმა, დედა კი პოლიციას აძლევს ჩვენებას, როდესაც პირველად იძალადა ჩემს შვილზე, მოსულიყო, ბოდიში მოეხადა და ვაპატიებდიო. მამა დედას ეჩხუბება, პოლიცია რატომ გამოიძახეო და იხვეწებიან, შემაკავებელი დავუწეროთ ამ კაცს და აღარ მოეკაროს ჩემს შვილსო. პოლიციის საუბარს მოვკარი ყური და ეს მოძალადე ნაბიჭვარი მრავალჯერ ნასამართლევი ყოფილა ძალადობაზე. პოლიცია ასევე ამბობდა, რომ ბავშვის სახლში გაშვების ეშინიათ, რადგან მშობლებმაც შეიძლება იძალადონ. ბავშვს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ტანსაცმელი აქვს შემოხეული". – წერდა მომხმარებელი დახურულ ჯგუფში. 

რუსთავი 2-ის ცნობით, 9 წლის გოგო სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევის დროს თხრილში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო. იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ, რომ 9 წლის ბავშვი მათთან მკურნალობს. 

"ბავშვი შემოსულია ჩვენს კლინიკაში გუშინ საღამოს, მისი მდგომარეობა შემოსვლისთანავე არ იყო მძიმე. მიუხედავად ამისა, მას ტრავმის მექანიზმიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, როგორც ტომოგრაფიული, ასევე ულტრასონოგრაფიული კვლევები. დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... ძალადობასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ეს არის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები". – ამბობს იაშვილის კლინიკის ექიმი მთავარ არხთან

კომენტარები