აფგან მუხთარლის

აფგან მუხთარლი საქართველოშია

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. ინფორმაციას TV ფორმულა ავრცელებს. 

გატაცების შემდეგ მუხთარლი ქვეყანაში პირველად შემოუშვეს.

როგორც მუხთარლის ადვოკატი ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. 

"ჩამოსვლა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიებასაც არ დაადგა საშველი უკვე 4 წელია. და ბატონ აფგანს გადაწყვეტილი აქვს, როგორც თავდაპირველად თანამშრომლობდა პროკურატურასთან, ამჟამადაც ითანამშრომლოს და თუ პროკურორებს ექნებათ რაიმე კითხვა, ამ კითხვებს გასცეს ამომწურავი პასუხი". - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო სდევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები