აფგან მუხთარლის საქმე

მუხთარლი გატაცებაზე: ივანიშვილმაც და კვრიკაშვილმაც იცოდნენ, აზერბაიჯანის დაკვეთა იყო

აფგან მუხთარლი პრესკონფერენციაზე
ტაბულა

ადამიანის უფლებათა სახლში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა გატაცებაზე და გატაცების დაკვეთაში აზერბაიჯანის ჩართულობაზე ისაუბრა. მუხრთალი აღნიშნავს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანული მხარის დაკვეთა იყო საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული.

"ეს იყო აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც [იცოდნენ]" - თქვა მუხთარლიმ.

აფგან მუხთარლი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობას არ უნდა, რომ მან თბილისში იცხოვროს.

"რომ ჩამოვედი თბილისში უკვე მანიშნებდნენ, რომ დიდხანს არ დავრჩენილიყავი თბილისში. მთავრობას ალბათ არ უნდა, რომ აქ ვიცხოვრო, თბილისში. მე თვითონ მინდა, რომ აქ ვიცხოვრო. აქ ძალიან მომწონს, ძალიან კომფორტულად ვარ." - ამბობს მუხთარლი.

გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს. 

მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება "ძალიან ცუდი მოვლენა" იყო.

"გულწრფელად რომ ვთქვა, აზერბაიჯანის ხელისუფლებას არანაირი რეპუტაცია არ აინტერესებს. ალიევი არ ეკითხება არც ევროკავშირის და არც არავის. მას მარტო პუტინის ეშინია. ქართული მხრიდან ეს ძალიან ცუდი მოვლენა იყო. ბევრი დაკარგა ქართულმა ხელისუფლებამ. აზერბაიჯანული მხარისთვის ეს სულერთია. ჩემამდე მათ ძალიან ცუდი საქმეები ჩაიდინეს, მოკლეს ოთხი ჟურნალისტი... დაახლოებით 30 ჟურნალისტი დააკავა ჩემამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ. რეპუტაციაზე ალიევი არ ფიქრობს." - ამბობს მუხთარლი.

გატაცებაზე საუბრისას ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ და ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.

"სურათი რომ ვნახო, ან ვნახო ეს ადამიანი, ვიცნობ მათ. სახელს ვერ დავასახელებ, ერთხელ მყავს ნანახი." - თქვა ჟურნალისტმა.

აფგან მუხთარლი საქართველოში 10-15 დღით გეგმავს დარჩენას.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები