ვაქცინაცია

ტიკარაძე: SINOPHARM-ის გამოყენებაზე დამატებითი კონსულტაცია შემდეგ კვირაში გაიმართება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში SINOPHARM-ის გამოყენებაზე დამატებითი კონსულტაციები შემდეგ კვირაში გაიმართება. 

"სინოფარმის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიაზე დამატებით შემდეგ კვირაში განვიხილავთ. ამასთან დაკავშირებით გაიმართება დამატებითი კონსულტაციები". – თქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არაა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჩინური Sinopharm-ის 1 დოზა 18-20 დოლარი უჯდებათ, Pfizer-ი 11-12 დოლარად იყიდეს.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

საქართველოში ვაქცინაცია Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს  შემოვიდა, Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 55 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. ასევე, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დასარეგისტრირებლად ქრონიკული დაავადებების მქონეთა სიები შედგება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინაციაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაციაც დაიწყება.

კომენტარები