რუსული ოკუპაცია

გახელაძის ცოლი: ზაზას პოზიციაა, რომ არც ტერიტორიაში და არც ხატში არ უნდა გაიცვალოს

ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, მის ქმარს, რომელიც ოკუპანტების მიერ არის დაკავებული, არ სურს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობა და ხატის გადაცემა.

ამის შესახებ ირმა ბუთხუზი ტელეკომპანია მთავარსა და ტელეკომპანია ფორმულას ესაუბრა.

"[ზაზა გახელაძემ] გაიგო ესეც ტელევიზიიდან, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ ზაზას პოზიცია არის, რომ მე არც ერთში არ უნდა გავიცვალოო. იმიტომ, რომ თუნდაც ხატი, ეს არის ის სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, ჩვენ გვეკუთვნის და უნდა იყოს იქ, სადაც არის და მეორე არის ჩორჩანა, ეს არის ტერიტორია, რასაც უკვე წლებია, ითხოვენ ამ ბლოკპოსტის აღებას, მაგრამ თვითონ თვლის, რომ არ აქვს იმის ძალა და იმის ის, რომ ეს ტვირთი [აიღოს], რომ რაღაცაში გაიცვალოს.

თვითონ ამბობს, ეს ისეთი ისინი არისო, ყველაზე წმინდაო - თუნდაც ის ხატი და ტერიტორიის დათმობა ჩემთან არანაირ კავშირში არ იქნებაო. მე არ მიღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში რომ გავიცვალოო, ეს იყო მისი ბოლო პასუხი". – თქვა მან.

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები