პოლიტიკური კრიზისი

კრამონი: არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისაც არის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ფორმულას ეთერში საუბრობს ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაზე საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

"მიუხედავად დახარჯული დროისა, მათ შორის ღამის საათებში, სიტუაცია წინ არ წასულა, ხელი არ მოწერილა და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა. არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე". - ამბობს ფონ კრამონი (ფორმულას თარგმანი)

კრამონი საუბრობს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას: "კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. კერძოდ,  ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარება შეჩერდეს და, ამავდროულად, გაიზარდოს პირობები" - ვკითხულობთ განცხადებაში.

მეორე მხრივ, ქართული ოცნების დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა დღეს, 2 აპრილს,  ევროპარლამენტარების საერთო წერილის შეფასებისას თქვა,  რომ ეს მხოლოდ ცალკეული პირების  მოსაზრებაა და "მსგავს საკითხებზე" ევროკავშირის ინსტიტუტებისგან მინიშნება არ ყოფილა.


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის 3 მილიარდ ევროიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

 

კომენტარები