პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: ზურაბიშვილს შეწყალება არ სურს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რურუა პოლიტპატიმარია

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა რურუას შეწყალების მოთხოვნით მიმართავს. როგორც ვაშაძე ბრიფინგზე ამბობს, ზურაბიშვილს აქვს მეორე შანსი, თავის პრეზიდენტობას "ლეგიტიმაციის ნიშან-წყალი შეიძინოს". 

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი ვერ შედგა, რადგან ქართულმა ოცნებამ "დესტრუქციული გზა" აირჩია. 

"ღიად ვაცხადებ დღესაც - ვერ დავტოვებ მძევლად პატიმრებს იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ეს იქნება ამორალური ქმედება ჩემი მხრიდან, რომ ეს გავაკეთო. ზოგადად, ქვეყანაში არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები. მანდატი, რომლებიც ჩვენ, ისევე როგორც ქართულმა ოცნებამ გადავეცით მედიაციის მხარეს, არ არის ბოლომდე რეალიზებული რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ თვითონ დოკუმენტში შეგიძლიათ, ნახოთ - არის ცარიელი ტექსტი.

მინდა, ყურადღება გავამახვილო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დესტრუქციულ როლზე ამ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენ მხარეებს თითქოს მოგვიწოდებს შეთანხმებისკენ, მაგრამ, მეორე მხრივ, "გაჯიუტდა" და არ უნდა, შეწყალების დოკუმენტს მოაწეროს ხელი.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რურუა არის პოლიტპატიმარი, ის რომ არ იყოს პოლიტპატიმარი, დამერწმუნეთ, ამდენი ხანი არ იქნებოდა ჭიდაობა ამ საკითხთან დაკავშირებით". – ამბობს ვაშაძე. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.


 

კომენტარები