ვაქცინაცია

გამყრელიძე: აპრილში Sinopharm-ის, დაახლოებით, 100 000 დოზა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში აპრილში Sinopharm-ის, დაახლოებით, 100 000 დოზა შემოვა. 

"კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია ინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია". - ამბობს გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

Sinopharm-ის ვაქცინა პეკინის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტის მიერ, 2020 წელს შეიქმნა. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის, სინოფარმის მიხედვით, კლინიკურ ცდებში ვაქცინა 79%-იან ეფექტიანობას აჩვენებს.  

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება. 

27 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში 4 460 ადამიანია აცრილი. 

კომენტარები