COVID-19-ის ვაქცინები

რას ნიშნავს ეფექტიანობა და რომელი ვაქცინაა ყველაზე საიმედო?

VOX

ვაქცინების შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება ახალი დეზინფორმაცია, რომელთა უმრავლესობა შეუიარაღებელი თვალითაც უსაფუძვლოდ გამოიყურება – "გვჩიპავენ", "განზრახ გვკლავენ", "სატანის იარაღია" და ასე შემდეგ. 

თუმცა, საზოგადოებაში არსებობს ისეთი ეჭვებიც, რომლებსაც მეტი დაკვირვება და გაანალიზება სჭირდება. მაგალითად, რომელი ვაქცინაა უფრო ეფექტიანი? აქვს თუ არა რიგითი ადამიანისთვის მნიშვნელობა, რომელი ტიპის ვაქცინას გაიკეთებს? გვიცავს თუ არა ვირუსისგან ფაიზერი უფრო მეტად, ვიდრე, მაგალითად, ასტრაზენეკა? რას ნიშნავს და როგორ გამოითვლება ეფექტიანობის პროცენტი? 

ეფექტიანობის დონით დავიწყოთ. ვაქცინები ამ მაჩვენებლის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან:

  • ფაიზერ-ბიონტექი – 95%

  • მოდერნა – 94%

  • სპუტნიკ V – 92%

  • ნოვავაქსი – 89%

  • ოქსფორდ-ასტრაზენეკა – 67%

  • ჯონსონ & ჯონსონი – 66%

მხოლოდ ამ რიცხვებს თუ შევხედავთ, ბუნებრივია, გაგვიჩნდება აზრი, რომ ფაიზერის ვაქცინა მნიშვნელოვნად უკეთესია ჯონსონ & ჯონსონზე. თუმცა, მართლები არ ვიქნებით. ვაქცინების ეფექტიანობა ფართო კლინიკური ცდების დროს დგინდება, როცა საცდელ აცრას ათიათასობით ცდისპირი იღებს. მოხალისეები თავიდანვე ორ ჯგუფად იყოფა: ერთ ნახევარს ვაქცინას უკეთებენ, მეორე ნახევარს კი – პლაცებოს. პროცედურის შემდეგ ყველა მათგანი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, პარალელურად კი, მეცნიერები მათი ჯანმრთელობის მონიტორინგს ახორციელებენ. 

ფაიზერის კლინიკურ ცდებში 43 000 მოხალისე მონაწილეობდა. იმუნიზაციის შემდეგ პერიოდში კორონავირუსი მათგან 170 ადამიანს შეხვდა, მაგრამ მთავარი ისაა, მათგან რამდენს ჰქონდა მიღებული ვაქცინა და რამდენს – პლაცებო. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ ინფიცირებულებიდან 85 რეალურად იყო აცრილი, ხოლო მეორე ნახევარი – პლაცებოთი, გამოვიდოდა, რომ ვაქცინების ეფექტიანობა 0%-ის ტოლია, რადგან მათ პლაცებოს 1 შემთხვევითაც კი ვერ "აჯობეს". მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდებოდა, რომ 170 ადამიანიდან არცერთი იყო რეალურად აცრილი, ვაქცინების ეფექტიანობა 100%-ის ტოლი იქნებოდა. 

რეალურად, 170 ინფიცირებულიდან ვაქცინა მხოლოდ 8-ს ჰქონდა მიღებული, 162 კი პლაცებოთი იყო აცრილი. იმუნიზებულების წილი ჯამურ ინფიცირებულებში(8/170) 4.7%-ია, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევების 4.7%-ში ვაქცინამ ადამიანის ინფექციისგან დაცვა ვერ მოახერხა. აქედან ანგარიშობენ ფაიზერის ეფექტიანობის მაჩვენებელს – 95%(100%-4.7%=~95%). შედეგად, დადგინდა, რომ ფაიზერით აცრილი ადამიანი, აუცრელთან შედარებით, 95%-იანი ალბათობით ვირუსისგან სრულად იქნება დაცული.

VOX

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლინიკური ცდების შემდეგ მოხალისეები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან და მათი ინფიცირების ალბათობა დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მძიმეა ეპიდსიტუცაია მათ საცხოვრებელ არეალში.

მაგალითად, ფაიზერისა და მოდერნას კლინიკური ცდები იმ პერიოდში ჩატარდა, როცა შეერთებულ შტატებში ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 20-ს არ აღემატებოდა, რაც იმუნიზაციის შემდეგ ინფიცირებას ისედაც ნაკლებ სავარაუდოს ხდიდა. მეორე მხრივ, ჯონსონ & ჯონსონის კლინიკური ცდები უფრო გვიან ჩატარდა, როცა ინფიცირების მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 60-80 შუალედში მერყეობდა – ლოგიკურია, რომ მოხალისეებიდან, სტატისტიკურად, ბევრად მეტი დაინფიცირდებოდა. ამიტომ, ფაიზერისა და ჯონსონ & ჯონსონის ეფექტიანობა რთულად შედარებადი მაჩვენებლებია, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ შორის "უპირატესის" გამოვლენის მცდელობაზე. 

VOX

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარის თქმით, თუ გვინდა, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის ეფექტიანობა შევადაროთ, მათი კლინიკური ცდები ერთ ლაბორატორიაში, ერთნაირი კრიტერიუმებით, ერთ პერიოდში, ერთ რეგიონში უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი შედარება სპეკულაციურია. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი, დებორა ფულერი აცხადებს, რომ თუ ფაიზერის კლინიკური ცდები ჯონსონ & ჯონსონის პარალელურად ჩატარდებოდა, 95%-სგან განსხვავებულ, უფრო დაბალ ეფექტიანობას მივიღებდით. ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი მხოლოდ იმას გვიჩვენებს, თუ რა მოხდა კლინიკური ცდების დროს და არა იმას, თუ რა მოხდება რეალურ ცხოვრებაში. 

საქმე ისაა, რომ ეფექტიანობის მაჩვენებელი არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც გვგონია, რადგან ვაქცინების მიზანი ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილიანობის შემცირებაა და არა ინფიცირებისგან დაცვა. როცა საქმე იმუნიზაციას ეხება, პოტენციური განვითარება ფართო სპექტრს წარმოადგენს, რომლის ერთ ბოლოში ვირუსის გადადებისგან დაცვას მოვიაზრებთ, მეორე ბოლოში კი – სიკვდილს. შუაში მთელი რიგი განსხვავებული ალტერნატივებია – სისუსტე, ზომიერი სიმპტომები, მძიმე სიმპტომები, ჰოსპიტალიზება და სხვა. 

VOX

საუკეთესო ვარიანტში ვაქცინას შეუძლია, ადამიანი ვირუსის შეყრისგანაც კი დაიცვას, მაგრამ იმუნიზაციის მიზანი ეს არ არის. ვაქცინაციის მთავარი დანიშნულება ინფექციის გართულებისგან დაცვაა, რაც ჰოსპიტალიზებისა და, უკიდურეს შემთხვევებში, გარდაცვალებისგან დაცვას გულისხმობს. აცრილ ადამიანს, შესაძლოა, ვირუსი მაინც შეეყაროს, მაგრამ დაავადება სუსტი, უბრალო გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით განვითარდეს. ამ მიზანს ყველა ავტორიზებული ვაქცინა 100%-იანი ეფექტიანობით ასრულებს: არცერთი მათგანის კლინიკური ცდების დროს არ დაფიქსირებულა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზების შემთხვევაც კი. 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პანდემიის დასრულება პირდაპირაა დაკავშირებული ვაქცინაციის დონესთან და სანამ ჩვენი მიზანი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვისგან დაცვა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ყველა არსებული ვაქცინა ამ დავალებას იდეალურად ასრულებს. 

 

კომენტარები