საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზოლუცია მიიღო

გამყოფი ხაზი
AFP

24 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიიღო რეზოლუცია – თანამშრომლობა საქართველოსთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. რეზოლუციაში საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის თანახმად, შემაშფოთებელია, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.

დოკუმენტში ასევე განხილულია, ის უარყოფითი შედეგები, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით - საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ეს Covid-19-ის პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.

რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების მკვლელობების ფაქტებზე ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო, რაც ხელს უწყობს ადგილზე დაუსჯელობის წახალისებას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. 

დოკუმენტში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2020 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი.

ამასთანავე, რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები  და ლტოლვილები კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.  

დოკუმენტში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ საერთაშორისო  მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფის შესახებ მოწოდება.

ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

რეზოლუცია ქართული მხარის მიერ იყო ინიცირებული. მისი განხილვისას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და ჩეხეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

კომენტარები