NATO-ს მინისტერიალი

NATO-ს მინისტერიალზე რუსეთის მიერ მეზობლების დესტაბილიზაცია კიდევ ერთხელ დაგმეს

იენს სტოლტენბერგი

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც მეორე დღეა, რაც იმართება, რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები კიდევ ერთხელ დაგმეს და ასევე, მოსკოვს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. გააკრიტიკეს რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკაც.

"მოვითხოვთ ალექსეი ნავალნისა და დანარჩენი დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

საზღვრებს გარეთ რუსეთი ძირს უთხრის მეზობლებს, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ჩათვლით, და მათ დესტაბილიზაციას ცდილობს. ის მხარს უჭერს ბელარუსის რეპრესიებს და ცდილობს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ჩარევას". – თქვეს მინისტერიალზე.

ხაზი გაუსვეს რუსეთის სამხედრო და ბირთვული იარაღის ზრდის საფრთხესაც.

"რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, NATO-მ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად ამ ეპოქისთვის არნახული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოებები. ჩვენ მუდამ სადარაჯოზე ვიქნებით". – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა.

მინისტერიალზე ჩინეთის საფრთხეც განიხილეს. 

"ცხადია, რომ ჩინეთის აგრესიული ქმედება ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. ის აქტიურად მუშაობს, რომ ძირი გამოუთხაროს ჩვენი ინტერნაციონალური სისტემის წესებსა და იმ ღირებულებებს, რომელთაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვიზიარებთ". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ჩინეთთან მუშაობა იქ, სადაც ეს შესაძლებელია. მაგალითად, კლიმატის ცვლილებისა და ჯანდაცვის სფეროებში". – დაამატა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები