NATO-ს მინისტერიალი

აშშ: ვაგრძელებთ საქართველოს და უკრაინის NATO-ს წევრობაზე 2008 წლის გადაწყვეტილების მხარდაჭერას

US Mission to NATO

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგაში NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში საუბარია NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

"NATO-ს ლიდერები არიან NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულები, რომელიც უზრუნველყოფს გზას წევრობამდე ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და აკმაყოფილებს საჭირო პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს. NATO-ს სამიტზე ივნისში ჩვენ კვლავ დავადასტურეთ ჩვენი ერთიანობა ამ საკითხში." - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ აგრძელებს 2008 წლის გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები.

"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ და მას შემდეგ რამდენჯერმე, 2021 წელს ბრიუსელის სამიტზეც ხელახლა დადასტურებულ გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები დეტალურად აღწერს წევრობამდე მიმავალ გზას.

ორივე საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის წევრები, რაც აძლიერებს მათ თავსებადობას და სასწავლო შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად" - ნათქვამია განცხადებაში.

NATO-ს მინისტერიალი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები