დასავლეთი-ჩინეთი

დასავლეთმა სანქციები დაუწესა ჩინეთს სინძიანგის გამო – პეკინმა EU-ს სანქციებით უპასუხა

დასავლურმა ქვეყნებმა – აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და კანადამ სანქციები დაუწესა ჩინეთს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო – ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დასავლური ქვეყნებს მიერ პეკინის წინააღმდეგ ერთობლივად კოორდინირებული პირველი ქმედებაა. 

22 მარტს თავდაპირველად ევროკავშირმა დააწესა სანქციების რის შემდეგაც მალევე, პეკინმა სანქციებითვე უპასუხა მას. ევროკავშირმა 1989 წლის თიენანმენის ჟლეტის შემდეგ ჩინეთს ასეთი მნიშვნელოვანი სანქციები პირველად დაუწესა

სანქცირებულები არიან სინძინაგის ავტონომიური რეგიონის სახალხო კონგრესის ყოფილი ვიცეხელმძღვანელი, ჭუ ხაილუნი, სინძიანგის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსის (XPCC) მდივანი და სინძიანგის ავტონომიური რეგიონის პარტიის კომიტეტის ვიცემდივანი, ვანგ ძიუნჭენგი, სინძინაგის ავტონომიური რეგიონის პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეთა მდივანი, ვანგ მინშანი და სინძინაგის სახალო უშიშროების სამსახურის დირექტორი, ჩენ მინკუო. 

სანქციების სიაში ასევე მოხვდა ნახევრად სამხედრო ორგანიზაცია, სინძიანგის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსი (XPCC). ევროკავშირში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია პასუხისმგებელია "ჩინეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე".

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში თავდაპირველად აშშ-მ დაუწესა ამ ორგანიზაციას სანქციები. XPCC 1954 წელს დაფუძნებული ნახევრად სამხედრო ჯგუფია. XPCC სინძიანგში ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ევროკავშირის ანალოგიური სანქციები დააწესეს ბრიტანეთმა და კანადამ. აშშ-მ სანქციების სიაში ჩაამატა ჩენ მინკუო და ვანგ ძიუნჭენგი

აშშ-მ ჩინეთს ეს სანქციები ალასკის სამიტიდან ორ დღეში დაუწესა, სადაც ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და კომუნისტური ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის პირველი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა. ხანგრძლივ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთთან იკამათეს

ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია რეგიონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირისთვის, ჩენ ციუანკუოსთვის, სავარაუდოდ, დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების თავიდან არიდების გამო. აშშ-მ ჩენს წინა წელს დაუწესა სანქციები. 

ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დაგმობის ფონზე, ჩინეთი სინძიანგში მაინც აგრძელებს გენოციდს და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის. 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ მტკიცებულება მიუთითებს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ სისტემატურად ადამიანთა უფლებების დარღვევაზე. 

ბლინკემა დასავლეთის ერთიანი ქმედება შეაქო - "ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი ძლიერ გზავნილს უგზავნის მათ, ვინც არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებებს".

ევროკავშირიდან სანქციებს ყველამ დაუჭირა მხარი, გარდა უნგრეთისა, რომელის საგარეო საქმეთა მინისტრი მიღებულ ზომებს "უაზროს" და "საზიანოს" უწოდებს.

პეკინის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ევროპელი კანონმდებლები, დიპლომატები, ანალიტიკური ინსტიტუტები, მკვლევრები, სანქცირებული პირების ოჯახის წევრებიც. მათ ჩინეთში ბიზნესის კეთება ეკრძალებათ. პეკინის სანქციები ეხება გერმანელ პოლიტიკოსს, რაინჰარდ ბუთიქოფერს, რომელიც ევროპარლამენტში ჩინეთზე დელეგაციას ხელმძღვანელობს, ასევე NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდეს ფოგ რასმუსენის დაარსებულ ორგანიზაციას, დემოკრატიების ფონდის ალიანსს, ასევე მკვლევარს ადრიან ცენცს, რომლის კვლევის თანამხად, ჩინეთში, სინძიანგში ასობით ათას ადამიანს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებენ.

პეკინი მათ სინძინაგის გამო ქვეყნის სუვერენიტეტის სერიოზულად შელახვას აბრალებს. 

პეკინის ქმედების შემდეგ, ნიდერალანდებმა ჩინეთის ელჩი გამოიძახა, ევროპარლამენტმა, გერმანია, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და სხვებმა დაგმეს ჩინეთის ქმედება. 

"მანამ, სანამ ადამიანის უფლებები ირღვევა, მე ვერ გავჩუმდები. ეს სანქციები ამტკიცებს, რომ ჩინეთი სენსიტიურია წნეხზე. დაე, იყოს ეს ყველა ჩემი ევროპელი კოლეგისთვის გამამხნევებელი: ხმა ამოიღეთ!" - ნიდერლანდების დეპუტატმა, სჯოერდ სჯოერდსმა თქვა. პეკინის სანქცირებულთა სიაში ისიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. მანამდე, კანადამ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც, ჩინეთის მიმართ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად გამოაცხადა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები